თრიალეთი - ერთი სოფელი, სამი სარწმუნოება

ზვავსაშიშროების გამო, 2008 წელს, მალხაზ მგელაძე მაღალმთიანი აჭარიდან, კერძოდ კი  ხულოს რაიონის სოფელ აგარადან ქვემო ქართლში გადასახლდა. მალხაზი 24 წლის იყო, როდესაც სოფელ თრიალეთში გადავიდა საცხოვრებლად. თრიალეთი, სადაც ამჟამად 500 ადამიანი ცხოვრობს მრავალეთნიკური სოფელია. აღსანიშნავია, რომ სოფელში მართლმადიდებელი ქართველი მოსახლეობა ყოველთვის უმცირესობას წარმოადგენდა.  


 


სხვა ეკომიგრანტების მსგავსად მგელაძეც მუსლიმია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მარლთმადიდებელი ქრისიტანობა ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილი გახდა. შესაბამისად, 2004 წელს დაბა თრიალეთში ჩამოსახლებულ აჭარელ  ეკომიგრანტებს, ადგილობრივ მოსახლეობასთან წინააღმდეგობა შეექმნათ. თუმცა, დროთა განმავლობაში მუსლიმი მოსახლეობა სოფლის მრავალფეროვანი საზოგადოების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ამგვარად, თრიალეთის მთელი ისტორია რელიგიურ თავისუფლებას ეფუძნება.

თრიალეთი 1857 წელს გერმანელი მიგრანტების მიერაა დაარსებული. ისინი საქართველოში 1800-იან წლებში ჩამოვიდნენ. 1815 წელს სამხრეთ გერმანელი პროტესტანტების ერთ-ერთი განშტოება, რომელიც რწმენის გამო იდევნებოდა, რუსეთის მეფე ალექსანდრე I შეხვდა. მათ მიიღეს მეფის თანხმობა კავკასიაში გადმოსახლების თაობაზე. საქართველოში გერმანელები ძირითადად დედაქალაქში და ქვემო ქართლიში დასახლდნენ.  თავდაპირველად ისინი თბილისში 1818 წელს გამოჩნდნენ. მოგვიანებით დააარსეს სოფლები: კატერინენფილდი (დღევანდელი ბოლნისი), ელიზაბეტთალის (დღევანდელი ასურეთი) და ალექსანდერსჰილფი - თრიალეთი.

სოფელი თრიალეთი გამორჩეულია ტრადიციული გერმანული და ქართული არქიტექტურის ნაზავით. რელიგიური თავისუფლების ფონზე გერმანელებმა ევანგელისტურ-ლუთერანული ტაძარი ააშენს, რომელიც დღემდე ერთადერთია სოფელში. იგი 1930-იან წლებამდე ფუნქციონირებდა, შემდეგ კი კულტურულ ცენტრად გადააკეთეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შენობა დაცარიელდა და გაპარტახდა. 2017 წელს ტაძარი აღადგინეს. დღესდღეობით იქ ღვთისმსახურება არ ტარდება, თუმცა ადგილობრივი სომეხი და ბერძენი მოსახლეობა შენობას სალოცავად იყენებს და ხატებიც უკიდიათ. ისინი ტაძარს „კირხეს” ეძახიან, რაც გერმანულად ეკლესიას ნიშნავს.

თრიალეთის მუსლიმი მოსახლეობა მეჩეთში ლოცულობს. შენობა, რომელიც  ერთ დროს ბერძნების ოჯახს ეკუთვნოდა, 2010 წელს მეჩეთად გადაკეთდა. როგორც 76 წლის იმამი, შალვა ვანაძე ამბობს, რომ პარასკეობით და დღესასწაულების დროს მეჩეთი მთლიანად ივსება. სამუშაო დღეებში კი ადგილობრივი მოსახლეობა ყოველდღიურ საზრუნავშია ჩართული.

თრიალეთისთვის დამახასიათებელ  მრავალფეროვან სიჭრელეში, ნელ-ნელა უჩინარდებიან ადგილობრივი ახალგაზრდა ადამიანების სახეები. დასაქმების პრობლემებისა თუ სხვა არაჰუმანური საყოფაცხოვრებო პირობების გამო,  მათ გული ქალაქისკენ მიუწევთ.

არსებობს საშიშროება იმისა, რომ თრიალეთის მრავალეთნიკური მოსახლეობა მალე გაქრება, როგორც ერთ დროს სოფლის გერმანელი დამაარსებლები გაქრნენ.


 

ეს ისტორია შეცვლილია იმის საჩვენებლად, რომ სოფელში, მართლმადიდებელი ქართველები იყვნენ უმცირესობაში. 


სექტემბერი, 2018 რელიგიური მრავალფეროვნება