უმისამართოდ

47 წლის მაია გოჩაშვილმა ომის გამო სახლი ორჯერ დაკარგა. პირველად - 1991 წელს, როდესაც საომარი მოქმდებების გამო ცხინვალი დატოვა. მეორედ კი 2008 წელს დედულეთის, ახალგორის დატოვებამაც მოუწია. მაიას სახლი ახლა წეროვანშია, სადაც თავდაპირველად  "ხეებიც კი არ იყო და ჩიტები სახლის სახურავზე ისხდნენ და იმას ფხაჭნიდნენ, საშინელი ხმები ისმოდა, ძალიან რთული იყო”- იხსენებს მაია. 

მიუხედავად იმისა, რომ სახლი დაკარგა, ომი გამოიარა და უცხო ქალაქში, მაშინ ჩამოვიდა, როდესაც ქვეყანაში არც შუქი, არც გაზი და არც წყალი არ იყო, მაიამ მაინც შეძლო, რომ ბედნიერება ეპოვა.

პირველი იმედი „იკორთა" იყო - ადგილობრივი კოოპერატივი, სადაც მაია მინანქარზე მუშაობს.1995 წლიდან იგი ორგანიზაციის „რწმენა და სიანთლე” წევრია, რომელიც 1950 წელს საფრანგეთში დაარსდა და შეზღუდული შესაძლებლობის პირებს სოციალიზაციაში ეხმარება. წეროვანში გადმოსვლის შემდეგ, მაია მიხვდა, რომ იქაც შეეძლო ადამიანებს დახმარებოდა.  წეროვანში შშმ ადამიანებთან ერთად სეირნობს, სტუმრობს მათ სახლში, უწერს და ასწავლის სიმღერებს, დგამს სპექტაკლებს და აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა თავი საზოგადოების სრულყოფილ წევრებად იგრძნონ.

ვიდეო ისტორია „უმისამართოდ" მაია გოჩიაშვილის ისტორიას ყვება მისი ბავშვობის, ყოველდღიური ცხოვრებისა და იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება სხვებს. 


ოქტომბერი, 2018 „მშვიდობის მშენებელნი"