კაცი თრუსოდან

რუსლან გუჯარაიძე თრუსოს ხეობაში, კართსოფელის ერთადერთი მცხოვრებია.

ეს შორეული სოფელი საქართველოს ჩრდილოეთით, რუსეთის ფედერაციის საზღვარსა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს შორის მდებარეობს. თრუსო კავკასიის შუაგულია, სადაც მდინარე თერგი სათავეს იღებს, შემდეგ ჩეჩნეთსა და დაღესტანში მიედინება და ბოლოს კასპიის ზღვას უერთდება.

დღესდღეობით ხეობის ველურ ბუნებას ძირითადად მესაზღვრეები და ხანდახან ტურისტებიც სტუმრობენ. ზაფხულობით მეცხვარეები ამოდიან.

სხვებისთვის დაცარიელებული ადგილი, რუსლანისთვის ახალი შესაძლებლობა აღმოჩნდა.

რეჟისორმა თამარ კვაჭანტირაძემ თრუსოს ხეობაში იმოგზაურა, იმის გასაგებად თუ რას ნიშნავს იცხოვრო მარტო მეგობრების, ოჯახისა და საზოგადოებისგან შორს.

რუსლანი კართსოფელში, სადაც მისი წინაპრები ცხოვრობდნენ 12 წლის წინ ჩამოვიდა. მისი მიზანი ხევის გამოცოცხლება იყო. როცა ადგილი ცარიელდება „მას ეშმაკები ეუფლებიან”- ამბობს რუსლანი.  

როდესაც თრუსოს ხეობაში დასახლდა, მაშინ იქ არავინ იყო. ახლა კი მას უკვე მეზობლები ჰყავს. ხუთი წლის წინ რუსლანის სახლიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დედათა მონასტერი ააშენეს. იქ ახლა ოთხი ბერი და სამი დედაო ცხოვრობს.

კართსოფელი სასაზღვრო ზონაში მდებარეობს, სადაც რუსლანს  მუდმივი ცხოვრების უფლება  აქვს, ხოლო ყველას  სხვას  ვისაც ზაქათგორს მიღმა  სურთ  გასვლა საშვი სჭირდება,  რომელსაც  სასაზღვრო პოლიცია გასცემს.

საქართველოში იშვიათია, რომ კაცი საზოგადოებისგან განმარტოებით ცხოვრობდეს. მითუმეტეს რომ თრუსოს ხეობაში ეს მარტივი არ არის. რუსლანი საცხოვრებელ პირობებს თავად ქმნის. მათ შორის აკეთებს ისეთ საქმეებს, რაც ბევრს ქალის საქმედ მიაჩნია, მაგალითად ყველის ამოყვანა.

რუსლანს პატარა ფერმა აქვს და ყველს ხშირად აკეთებს. შემდეგ კი ადგილობრივ ფესტივალზე გააქვს გასაყიდად.

იზოლაციის მიუხედავად, რუსლანი ამბობს, რომ მეოჯახეა და საკუთარი საჭიროებები მისთვის მეორეხარისხოვანია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსლანი ვლადიკავკაზში მასწავლებლად მუშაობდა. მისი ცოლი, შვილები და შვილიშვილები თბილისში ცხოვრობენ და თრუსოს ზაფხულობით სტუმრობენ.

მათთან დაკავშირება რუსლანისთვის რთულია. ოქტომბრის ბოლოდან, მაისის ბოლომდე გზები იკეტება და თრუსოს ხეობაში მანქანით მისვლა შეუძლებელი ხდება.

მობილური კავშირი ხეობაში 2018 წლის სექტემბრიდან არის, იქამდე, ხეობაში ტელეფონი, მხოლოდ ერთადერთ წერტილში, სასაზღვრო პოლიციის პუნქტთან იჭერდა.


მასკულინობა, აპრილი/მაისი 2019