ერთ ბედსქვეშ, ბედიანში

მიშოს და დავითის  მეგობრობა საერთო ბედმა განაპირობა. 25 წლის მიშო სულთანოვი და 24 წლის დავით პაპუნაშვილი, სანამ ბედიანის ბავშვთა ცენტრში მოხვდებოდნენ,  ძეგვის ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ. ძეგვის ბავშვთა თავშესაფრის - დიდი, ინსტიტუციონალიზებული სისტემიდან წამოსვლის შემდეგ, ბედიანის ოჯახური ტიპის გარემო მათთვის ნამდვილ სახლად გადაიქცა.

ბედიანის ბავშვთა ცენტრის შექმნის იდეა საქართველოს საპატრიარქოს ეკუთვნის. დღესდღეობით ცენტრს ძირითადად საპატრიარქო აფინანსებს. გარდა ამისა, ცენტრი იღებს დამატებით დახმარებას საქველმოქმედო ორგანიზაციებისგან. ერთ-ერთი მათგანი  „საქართველოს ამერიკელი მეგობრებია”.

წალკის რაიონის მუნიციპალიტეტის, დაბა ბედიანში  ბავშვთა ცენტრის არსებობა ოც წელს ითვლის. დაბა ბედიანში ძეგვის ბავშვთა სახლიდან მიუსაფარი ოჯახების და ბავშვების პირველი ნაკადი აქ 1999 წელს გადმოვიდა და იმდროინდელი ბედიანის საყოფაცხოვრებო სირთულეები მოსინჯა. პირველი ნაკადის მოსახლეები არიან დავითი და მიშოც.

პატარა დაბას, სადაც ახალგაზდებისთვის - დასაქმების, გართობის და სამომავლო პერსპექტივებისთვის უამრავი  ხელისშემშლელი ფაქტორი არსებობს, დღეს უკვე ორი მეგობრის ინიციატივები აცოცხლებს და მათი სამომავლო გეგმებიც  დაბის პოპულარიზაციას და ბავშვთა ცენტრის განვითარებას უკავშირდება. ზრუნვის სისტემაგამოვლილ მეგობრებს, ბედიანურმა ცხოვრებამ ახალი მისწრაფება გაუჩინა. ეს არის სურვილი, თავადაც იპოვონ დამოუკიდებლად ცხოვრების  და საკუთარი შესაძლებლობების განხორციელების გზები და ახლა სხვა აღსაზრდელებსაც დაეხმარონ საკუთარი გამოცდილებით.


ახალგაზრდები, თებერვალი/მარტი 2019