თამადა

თამადობა ძალიან ძველი ტრადიციაა, რომელიც თანამედროვე საქართველოში გარკვეულწილად ტრანსფორმირდა და დღეს უკვე ნებისმიერს შეუძლია ისარგებლოს სერვისით: თამადა გამოძახებით.

ბევრი არაფერი ვიცოდი ამ შეთავაზებაზე, ამიტომ პირველ რიგში ინტერნეტში დავიწყე იმ თამადების ძებნა ვისი გამოძახებაც ნებისმიერი ღონისძიებისთვის შეიძლებოდა. სწორედ მაშინ გავიცანი ზვიად ომანიძე, ადამიანი, რომელიც მოგვინაებით ჩემი ამბის მთავარი გმირი გახდა.

ვინაიდან თამადა, საკმაოდ გაცვეთილი ტრადიციაა საქართველოში, ამ სიტყვაზე და მის მნიშვნელობაზე ჩვენ, ყველა ქართველს და იქნებ უცხოელსაც, სტერეოტიპული წარმოდგენა გვაქვს. ასეთი სტერეოტიპული წარმოდგენით მივედი გადაღებაზე, იქნებ, ცოტა ირონიული დამოკიდებულებითაც.

როდესაც პირისპირ შევხვდით, გავიცანი მამაჩემზე ცოტა უფროსი, ულვაშიანი, კეთილ ღიმილიანი კაცი, რომელიც ეჭვით გვიყურებდა მე და ჩემ კამერას. ასეა ყოველთვის- თავიდან უმეტესობა ეჭვით მიყურებს, მერე მეჩვევიან, მერე იხსნებიან და ბოლოს ვაღწევთ შედეგს, რომელიც, მეც და ჩემს რესპოდენტსაც გვინდა. ბატონი ზვიადი ეჭვიანობის ფაზიდან, პირდაპირ მეგობრობზე გადავიდა. გადაღების დროს მაჩერებდა და იმ ლექსებს მეუბნებოდა, რომელიც ახსენდებოდა და ფიქრობდა, რომ ჩემი 3 წლის შვილისთვის უნდა მესწავლებინა.

გადაღებებიდან რამდენიმე დღეში ზვიად ომანიძე გარდაიცვალა. პროფესიული ეთიკის გარდა, ადამიანური ეჭვებიც მაწუხებდა. უნდა დამემონტაჟებინა თუ არა მასალა ადამიანზე, რომელიც უკვე ცოცხალი აღარაა. გადამწყვეტი ბატონი ზვიადის ქალიშვილის სიტყვები აღმოჩნდა, რომელმაც მომწერა, რომ სურდა მამის ინტერვიუ ენახა, იმიტომ, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახისთვის ყველაფერი, რაც ბატონ ზვიადთან იყო დაკავშირებული, უფრო ძვირფასი გახდა. ვიდეოში არაფერი შემიცვლია, ყველაფერი ისევეა, როგორც ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა, ბატონი ზვიადი ცოცხალი რომ ყოფილიყო. ვფიქრობ, ასე უფრო სამართლიანია.